ჩვენი მეღვინეობის ისტორია

1744
ერეკლე II, ქართლ-კახეთის მეფე
1780
ერისთავები
1870
კიაზო ერისთავი
1888
იმპერატორი ალექსანდრე III
1954
საბჭოთა პერიოდი
1995
ანზორ ქიბროწაშვილი
2012
ფალავანი დღეს
2020
ბიოდინამიკური მეღვინეობა

ერეკლე II, ქართლ-კახეთის მეფე

ჩვენი მეღვინეობის ისტორია თითქმის სამი საუკუნის წინ დაიწყო – 1744 წელს, მაშინ, როცა ხალხის საყვარელმა მეფემ და უბადლო მხედართმთავარმა, ერეკლე მეორემ, თავად ბეჟან ერისთავს ერთგული სამსახურისთვის კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი, ქისტაური უბოძა. სოფელი ალაზნის ველს გადაჰყურებს, კავკასიონის მთებით შემორკალულს. სწორედ ამ საუცხოო ადგილას თავად ერისთავის ძალისხმევით ხელმეორედ დაიბადა ქართული მეღვინეობის კულტურა, 1780 წლიდან კი ერისთავის ღვინის მარნებმა მთელ კახეთში გაითქვა სახელი.

ერისთავები

„არაგვის ერისთავები“ ერთ-ერთი იყვნენ იმ ხუთ ქართულ წარჩინებულ გვართაგან, რომლებიც „ერისთავის“, ანუ ერის მეთაურის, ერის წინამძღოლის ტიტულს ატარებდნენ. ისინი მატიანეში 1398 წლიდან მოიხსენიებიან როგორც იმ დროის სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების აქტიური მონაწილეები. ბეჟან ერისთავმა და მისმა შთამომავლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში. ბეჟანი მფარველობდა ხელოვნებისა და კულტურის ბევრ ცნობილ მოღვაწეს, რომლებსაც ხშირად მასპინძლობდა იგი ქისტაურში. ერისთავის ეს ქველმოქმედება ასწლეულებით ადრე ადასტურებდა ოსიპ მანდელშტამის სიტყვების სისწორეს ქართული კულტურისა და ქართული ღვინის ჯადოსნური კავშირის შესახებ: „თქვენ არც დასავლეთი ხართ და არც აღმოსავლეთი, არც პარიზი და არც ბაღდადი; ღრმა ძაბრის მსგავსად ჩაესო ისტორიულ მიწაში თქვენი ხელოვნება, თქვენი მხატვრული ტრადიცია. ღვინო ძველდება – ამაშია მისი მომავალი; კულტურა დუღს – ამაშია მისი სიჭაბუკე. გაუფრთხილდით თქვენს ხელოვნებას – მიწაში დაფლულ ვიწროყელიან თიხის დოქს!“.

იმპერატორი ალექსანდრე III

ალბათ, არავის გაჰკვირვებია, როცა 1888 წლის 6 ოქტომბერს სრულიად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე მეუღლესთან ერთად პირადად ეწვია თავად ერისთავს. მემატიანეს გადმოცემით, კიაზო ერისთავი პურითა და მარილით მიეგება იმპერატორსა და მის ამალას გზაზე, რომელიც თიანეთიდან კახეთისკენ მიემართებოდა, რის შემდეგაც თავის სახელგანთქმულ მარანში საგანგებოდ გაშლილ სუფრაზე მიიწვია. საღამოს იმპერატორი დროშებითა და საეკლესიო ზარების რეკვით გააცილეს სოფლიდან.
დანამდვილებით ცნობილია, რომ ამ სტუმრობის შემდეგ ალექსანდრე მესამემ საბოლოოდ თქვა უარი უცხოურ ღვინოებზე და მხოლოდ ქართულსა და ყირიმულ ღვინოებს აღიარებდა.

კიაზო ერისთავი

პაპის მემკვიდრეობა ბეჟან ერისთავის შთამომავალმა კიაზო ერისთავმა განამტკიცა და გაამდიდრა. სამხედრო სამსახურის შემდეგ ყირიმისა და რუსეთ-ოსმალეთის ომის გმირმა, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალმა კიაზო ერისთავმა თავისი ცხოვრება წინაპრების საქმის გაგრძელებას მიუძღვნა.
კიაზო განთქმული იყო ხელგაშლილობით და იმ დროისთვის უჩვეულო ზრუნვით გლეხებზე – მათ ძვირფასი სტუმრების პატივით ხშირად მასპინძლობდა თავის მამულში გამართულ წვულებებზე. ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულზე, რთველზე, მთელი სოფელი იკრიბებოდა. ეპატიჟებონენ ახლად მოყვანილ პატარძლებს, ბავშვებს, რომლებსაც ყოველთვის გულუხვად ასაჩუქრებდნენ. კიაზო ერისთავს უყვარდა გლეხები, რომლებსაც ხშირად უმეორებდა, რომ მარილი ამა ქვეყნისა სწორედ ისინი იყვნენ.

საბჭოთა პერიოდი

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა კიაზო ერისთავის ვენახებისა და მარნების ნაციონალიზაცია, თუმცა იმ გამოცდილმა მეღვინეებმა, რომლებიც კიაზო ერისთავთან მუშაობდნენ, საბჭოთა დროშიც შეძლეს ტრადიციების შენარჩუნება და თავგანწირვით დაიცვეს საუკუნეებით მოპოვებული მიღწევები, რომლებიც ლამის გაქრობის პირას აღმოჩნდნენ. ქართულ ღვინოზე მზარდმა მოთხოვნამ კი წარმოების ზრდის აუცილებლობა მოიტანა.
სტალინის უშუალო მონაწილეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ღვინის წარმოების ზრდის შესახებ, რის შედეგადაც 1954 წელს ქისტაურში ღვინის ახალი ქარხანა ამოქმედდა, რომელიც საბჭოთა პერიოდში საქართველოს მეღვინეობის მოწინავედ იქცა.
1985 წელს დაუფიქრებელად წამოწყებულმა ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ და მოგვიანებით საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა საქართველოს მეღვინეობას. მთელი ცხრა წლის განმავლობაში სიცარიელემ და რღვევამ დაისადგურა ოდესღაც აყვავებული საწარმოს კედლებში.

ანზორ ქიბროწაშვილი

1994 წელს ერისთავების მემკვიდრეობას მხსნელად ანზორ ქიბროწაშვილი მოევლინა – საქვეყნოდ ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორი, და ბოლოს (თუ უპირველეს ყოვლისა!) , -ახმეტელი შთამომავლობითი მეღვინეების ოჯახში გაზრდილი კაცი. მან ქარხნის სრული განადგურებისგან ხსნა გადაწყვიტა, სახელგანთქმული მეღვინეობა გამოისყიდა და სახელად „ფალავანი“ უწოდა – მებრძოლი, რომელიც არასდროს მარცხდება და ნებდება. ის ხომ ბავშვობიდინ აკვირდებოდა, როგორ იყრებოდა მიწაში ვაზის ნერგი, როგორ აშენებდნენ და უვლიდნენ ვენახს, იღებდნენ მოსავალს, ზეიმივით მართავდნენ რთველს და აყენებდნენ ღვინოს. ანზორმა იცოდა, რომ ეს ქისტაურული ტრადიცია არ უნდა დაკარგულიყო და სწორედ ამიტომ გადაარჩინა და შეინარჩუნა ერისთავების მეღვინეობა. დღეს სულ თითებზე ჩამოსათვლელია ისტორიული მარნები, რომლებსაც თავიანთი ტექნოლოგიით, ტრადიციითა და სახელით იცნობენ, და ჩვენ უზომოდ ვამაყობთ, რომ ჩვენი მეღვინეობა ერთ-ერთი მათგანია.

ფალავანი დღეს

2012 წელს „ფალავნის“ ახალმა თაობამ მეღვინეობის აღორძინების ესტაფეტა გადაიბარა. ჩვენ ახალი სული შთავბერეთ საწარმოს, ჩავატარეთ სრულმასშტაბიანი რესტავრაცია და მოვახდინეთ წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, კახეთის რეგიონის სხვადასხვა კლიმატურ მიკროზონაში ჩავყარეთ საკუთარი ვენახები, მათ შორის – ორგანულიც.

სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დღესაც კი ვპოულობთ უძველეს ქვევრებს, რომლებსაც ქისტაურის მეღვინეობის დაბადება ახსოვთ. ეს ასაზრდოებს ჩვენს გენეტიკურ მიჯაჭვულობას მეღვინეობასთან და გვიმტკიცებს, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რვაათასწლოვანი ტრადიციების გასაგრძელებლად.

წარმოების უწყვეტი და განუხრელი მოდერნიზაციის პროცესში ჩვენ მოწიწებით ვეკიდებით ჩვენი წინაპრების ტრადიციებს და ვაგრძელებთ ღვინოების წარმოებას წმინდა წყლის ქართული ხერხით – ქვევრში დაყენებით.

შთამომავლობითი მეღვინეები, რომლებიც დღესაც შრომობენ ჩვენს საწარმოში, დიდი ყურადღებით აკონტროლებენ წარმოების მთელ პროცესს, ყურძნის დაკრეფიდან ბოთლებში ჩამოსხმამდე, რაც არის გარანტია საბოლოო პროდუქტის უმაღლესი ხარისხისა, მრავალი ქვეყნის სამომხმრებლო ბაზარზე მაღალი მოთხოვნისა და შთმბეჭდავი გამარჯვებებისა მრავალრიცხოვან საერთაშორისო კონკურსებზე.

სრულყოფილებისკენ, სიახლეების დანერგვისკენ განუწყვეტელი ლტოლვა არის „ფალავნის“ განვითარების და წინსვლის განუყოფელი ნაწილი დღიდან მისი დაარსებისა.

ბიოდინამიკური მეღვინეობა

2020 წელს ჩვენმა მეღვინეობამ პროდუქციის ასორტიმენტის ბიოდინამიკური ღვინოებით გაფართოება გადაწყვიტა. ბიოდინამიკური პრინციპების სრული დაცვით დაახლოებით 15 ჰექტარზე ახალი ვენახები გავაშენეთ და ამ უნიკალური ღვინის წარმოება დავიწყეთ. ჩვენი მიზანია ბუნებასთან ჰარმონიაში მუშაობა, რათა თითოეულ ბოთლში ტერუარის სრული პოტენციალი გამოვავლინოთ.

წმინდა ნინოს ჯვარი

ჩვენი ოჯახისთვის მეღვინეობა არა იმდენად ბიზნესია, რამდენადაც ცხოვრების წესი, ჩვენი ჯვარი და ჩვენი ბედისწერა. ქართველთა რწმენის უმთავრესი სიმბოლო, ჯვარი, ხომ ვაზის ლერწისგან არის დაწნული – ჯვარი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელმა მოციქულთა სწორს ნინოს მისცა, ვიდრე მას თავის პირველ წილხვდომილ მიწაზე გამოაგზავნიდა ქრისტიანობის საქადაგებლად და ივერიის განსანათლებლად.